საქართველოს შიდა სარაგბო ჩემპიონატებში მსოფლიო რაგბის სადისციპლინო წესები ამოქმედდება






საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, სექტემბრიდან შიდა ჩემპიონატებში ოფიციალურად ამოქმედდება მსოფლიო რაგბის სადისციპლინო წესები, მატჩებს კი სადისციპლინო კომისრები დაესწრებიან.

მანამდე, საიტინგ ოფიცრები, როგორც რაგბის კავშირის ოფიციალური წარმომადგენლები, დიდი 10-ის ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებზე იქნებიან მივლენილი, რაც უდისციპლინობის გამოვლენის დამატებითი მექანიზმია.

ჯგუფს ლაშა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს, რომელიც 2020 წლიდან ოფიციალურად გახდა მსოფლიო რაგბის სადისციპლინო კომიტეტის წევრი.

„საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის დადგენილებით, სადისციპლინო განხრით, მსოფლიო რაგბის წესები ოფიციალურად სექტემბრიდან ამოქმედდება და სადისციპლინო კომისარი თამაშებს ოფიციალურად სექტემბრიდან დასწრება, თუმცა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და საქართველოში არსებული საიტინგ-ოფიცრები, როგორც რაგბის კავშირის ოფიციალური წარმომადგენლები, საქმიანობას დიდი 10-ის ნახევარფინალებიდან შეუდგებიან. ნებისმიერ გადაცდომაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება, რაც თამაშს ბევრად უფრო უსაფრთხოს გახდის“, - აცხადებს ლაშა მაჭავარიანი.